ტრენინგები პროპაგანდასთან ბრძოლისა და პოლიტიკური ფაქტ ჩეკინგის შესახებ

7803IMG_20170413_100949.jpgნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ორგანიზებით, თბილისში, ტრენინგების ციკლი გაიმართა პროპაგანდასა და ყალბ ნიუსებთან ბრძოლის შესახებ. 12 აპრილს ტრენინგი ჩატარდა სომეხი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის, ხოლო 13 აპრილს კი ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის.

ტრენინგები გაიმართა პროექტის „მდგრადი დემოკრატიები“ ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი და რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა პოლიტიკოსების შესაძლებლობების განვითარებას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა პროპაგანდის წარმოება, პროპაგანდის გავლენა ხალხის აღქმებზე და მასთან ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები. ტრენინგი ჩატარდა  პროექტ “StopFake”-ის  წარმომადგენლების მიერ. პროექტი უკრაინაში, უცხოეთიდან მომავალი დეზინფორმაციის, პროპაგანდის შემოწმებისა და გაქარწყლების მიზნით, 2014 წლის მარტში შეიქმნა. დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოწვეულმა ტრენერებმა - „StopFake“-ის თანამდამფუძნებელმა და კიევის მოჰილას ჟურნალისტიკის სკოლის დირექტორმა, იევენ ფედჩენკომ, „StopFake“-ის რედაქტორის მოადგილესთან და უკრაინის კათოლიკური ეკლესიის მედია კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელთან, ვიქტორია რომანიუკთან ერთად - მონაწილეებს ყალბი წყაროებიდან მომდინარე რისკებისა და გამოწვევების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე მათი გავლენის სიღრმისეული ანალიზი შესთავაზეს.

ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებს. თეორიულ ნაწილში განხილულ იქნა პროპაგანდის გავრცელების უკვე არსებული მექანიზმები, პოლიტიკურ გარემოზე მანიპულირების გზები, რეალობის დამახინჯება და პროპაგანდის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის საკითხები.  კონკრეტული მაგალითების შესწავლა მონაწილეებს მიღებული ინფორმაციის კონტექსტუალიზებასა და საკუთარ ქვეყანაში არსებულ პოტენციურ საფრთხეებთან პარალელების გავლებაში დაეხმარა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის გადამოწმების საბაზისო პრინციპების გააზრებასა და შესაბამისი ინსტრუმენტების პრაქტიკასთან მისადაგების საკითხებზე. გარდა ამისა, აღნიშნული ინსტრუმენტები ჯგუფური მუშაობის შედეგად გამოიცადა, სადაც მონაწილეებმა გაიუმჯობესეს  უნარ-ჩვევები ვიზუალურ კონტენტთან, ფოტოებთან და სატელიტურ გამოსახულებებთან მუშაობის კუთხით.

NIMD მოხარულია იმ ფაქტით, რომ ტრენინგების შინაარსმა და ხარისხმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებისაგან მიღებული უკუკავშირის შედეგად გამოვლინდა.

ანა სამხარაძე (ევროპული საქართველო): „ტრენინგმა 100%-ით გაამართლა ჩემი მოლოდინები. ჩვენ გვესმის, რომ პროპაგანდას რეალურად საზღვრები არ აქვს. აუცილებელია მსგავსი პროექტების რეგულარულად ჩატარება, რათა გავეცნოთ ფაქტების გადამოწმებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის საშუალებების კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს.“

ორხან ჰაჯილი (მუსავათი): „მიუხედავად იმისა, რომ პარტიები აზერბაიჯანში შეიძლება ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, ტრენინგმა აჩვენა, რომ ჩვენ ბევრი საერთო მოსაზრება გაგვაჩნია. დიდი მადლობა ჩვენი ერთად შეკრებისათვის.“

ლილიკ ტარლამაზიანი (ANC): „აღნიშნულ ინსტრუმენტებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ საქმიანობაში და ამ ინფორმაციას სხვებსაც გავუზიარებ.“

Twitter Facebook