„დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდოს მფლობელი გვანცა დოლუაშვილი გახდა

939622.jpg „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდოს მფლობელი 24 წლის ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი გვანცა დოლუაშვილი გახდა. პრიზი, რომელიც ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) გასულ წელს დააწესა,  უკვე მეორედ გადაეცემა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც განსაკუთრებული სიმამცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები გამოავლინა დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში. წლევანდელი ლიდერი ჟურნალისტი, ბლოგერი, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორი და NIMD გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია.

“დემოკრატიის ლიდერის” ჯილდო 2015 წელს დაწესდა და ყოველწლიურ ტრადიციად ყალიბდება. ეს ინიციატივა არის მხარდაჭერა და აღიარება ზოგჯერ ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ისეთი ღირებული საქმესა, რასაც დემოკრატიის აქტივისტები აკეთებენ თავიანთი საზოგადოებისათვის, ქალაქისათვის, ქვეყნისათვის. დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ყოველწლიური ლიდერის დასახელებით, NIMD ახალისებს მათ უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას შეიძინეს და ამით თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში.

გვანცა დოლუაშვილი უკვე ხუთი წელია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მედია საშუალებაში და უკვე თითქმის ერთი წელია გორში პირველ სათემო რადიოს ხელმძღვანელობს. მისთვის მთავარი ღირებულება თანასწორობაა და ამ იდეით, გვანცა ლიბერალური ღირებულებების, თანაბარი შესაძლებლობების, ქალთა გაძლიერებისა და უმცირესობების უფლებების თვალსაჩინო ადვოკატია თავის ქალაქში. მისივე სიტყვებით, მისთვის „მიუღებელია ადამიანების ჩაგვრას, ქალებისა და ბავშვების მძიმე სოციალურ და კულტურულ პრობლემებს, დევნილთა გაჭირვებას ან თუნდაც სტალინის ძეგლის დადგმის ირგვლივ გართულ დისკუსიას უმოქმედოდ შეხვდეს.“ ამ ყველაფერზე აქტიურად და თამამად წერს როგორც ჟურნალისტი და ბლოგერი. ადგილობრივ საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს მისი კრიტიკული საჯარო გამოსვლები როგორც ქალაქის თვითმმართველობის, ასევე ფართო საზოგადოების წინაშე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სატელევიზიო თოქ-შოუებში და სხვა.  

როგორც გვანცა ამბობს, ადამიანების სიყვარული მას ძალას აძლევს არ დანებდეს და მუდმივად იბრძოლოს ცვლილებებისთვის: „ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ თითოეული ჩემი ქცევა, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის აქტივიზმად ითარგმნება, სწორედ ადამიანების სიყვარულს ეფუძნება. არ შეიძლება გიყვარდეს და მის დაცვას არ ცდილობდე, წარმოუდგენელია, გიყვარდეს და არ ეხმარებოდე, დაუშვებელია, გიყვარდეს და ამავდროულად ვნებდე. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო იქ, სადაც ადამიანები სხვათა დასახმარებლად ერთიანდებიან.  მგონია, რომ ამ დროს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, რადგან იმ ერთობის ნაწილი ვარ, რომელიც აუცილებლად უნდა გაფართოვდეს და გაიზარდოს“.

საქართველოს განვითარების გარდამტეხ ეტაპზე, როცა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს სამომავლო განვითარების ორიენტირად დემოკრატიულ ტრადიციასთან  თვითიდენტიფიკაციის გზას ირჩევს თუ საპირისპირო, ტოტალიტარული გამოცდილების ინერციას გაყვება, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული გაბედული დემოკრატის ხმას და აქტივიზმს, რომელიც გაძლიერებულ ანტიდემოკრატიულ პროპაგანდას დაუპირისპირდება.

2015 წლის 2 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავდა. გვანცა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, საკრებულოს სხდომას ესწრებოდა. მაშინ ძეგლის დადგმის იდეის ინიციატორებმა და მომხრეებმა გვანცას თავისი პოზიციის მტკიცედ დაცვის, სითამამისა და გაბედულების გამო, შეურაცხყოფაც კი მიაყენეს და ამ გზითაც ეცადნენ მას პოზიცია შეეცვალა. თუმცა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გვანცამ ასეთი რამ თქვა: „დიახ, ეს ქალაქი იყო სტალინის სამშობლო, მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ, წავედით წინ და გორი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანთა ქალაქად ვაქციეთ, სადაც დიქტატორებს ძეგლებს აღარ უდგამენ“. მისი აზრით, ეს მარტო გორის კი არა, მთელი ქვეყნის ბრძოლაა: „ჩემთვის ეს არის ბრძოლა იმ იდეოლოგიის წინააღდეგ, რომელმაც ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება არათუ დააკნინა, არამედ სრულად უგულებელყო. სტალინიზმი არ არის მხოლოდ ერთი ბელადის და დიქტატორის პოლიტიკა, ეს არის რწმენა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დღემდე აიძულებს იყოს თანასწორობისა და თავისუფლების წინააღმდეგი“.

გვანცა ქალთა და ლგბტი თემის უფლებების აქტიური დამცველიცაა. კრიტიკულ 7174geo_lideri.jpgთვალსაზრისებს პატრიარქალური კულტურის მანკიერებებზე, ფემიციდზე, კულტურულ სტერეოტიპებსა და სტიგმებზე, რაც კვებავს ჰომოფობიურ განწყობებს და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მარგინალიზებას, ჩაგვრას განაპირობებს, გვანცა ინტერნეტ გამოცემა „17 მაისში“ აქვეყნებდა. „ქალები ქალაქს მიღმა“ კი სათემო რადიო „მოზაიკას“ ფარგლებში, გვანცას ხელმძღვანელობით განხორციელებული ერთ-ერთი ბოლო პროექტია, რომელიც იმ სოციალურ-კულტურულ ფაქტორებს ეხება, რომლებიც სოფლებში მცხოვრები ქალების განვითარებას აფერხებს. პუბლიკაცია – „გზავნილი სოფლიდან“ ამ პროექტის პროდუქტია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე თუ გორის სხვა სოფლებში მცხოვრები ქალების ისტორიებს მოგვითხრობს.

თავად რადიო „მოზაიკა“ 2015 წელს დაფუძნდა და მისი თანამშრომლები ძირითადად NIMD გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები არიან. თავდაპირველად, გვანცა რიგითი ჟურნალისტის სტატუსით შეუერთდა რადიოს გუნდს. ტრენინგის პროცესში გამოჩენილი აქტიურობისა და ლიდერის შესაძლებლობების გამო გვანცა მისი პირველი დირექტორი გახდა. იგი „მოზაიკას“ მაუწყებლობის მიზანს ასე ხედავს: „ხელი შეუწყოს საჯარო სივრცეებიდან განდევნილი საკითხების აქტუალიზებას და ბიძგი მისცეს ასეთ თემებზე საჯარო მსჯელობის დაწყებას“. 2017 წელს რადიო FM მაუწყებლობის რეგიონში გაფართოებას გეგმავს.

დემოკრატიის ლიდერის გამოვლენა NIMD ზამთრის დემოკრატიის ბანაკის დასკვნითი ღონისძიების ნაწილი იყო. ბანაკი „იდენტობა“ ერთი კვირის განმავლობაში კაჭრეთში მიმდინარეობდა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან განზომილებებზე მსჯელობას დაეთმო. ჯილდოს გადაცემის წინ ლევან ცუცქირიძემ, NIMD-ის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში, ბანაკის თემატიკა შეაჯამა და „დემოკრატიის ლიდერს“ ასე დაუკავშირა: „საქართველოს მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს, ჩვენ პოსტსაბჭოთა კულტურის მემკვიდრეები ვართ და ორი ტრადიცია – თერგდალეულებისა და სტალინიზმის, სამწუხაროდ, დღესაც ებრძვის ერთმანეთს. ეს ძალიან ძნელი ბრძოლაა, მაგრამ ვიღაცამ უნდა გააკეთოს. მიხარია, რომ ჩვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ გამოწვევების, პრობლემების, სიმძიმეების, რისკების მიუხედავად. ასეთი ადამიანების მხარდაჭერა ჩვენთვის ინსპირაციისა და სიამაყის წყაროა“.

გვანცასთვის ჯილდოს მიღება მოულოდნელი და ძალიან ემოციური იყო. დაჯილდოვებისას მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ მიღებულ ფულად პრემიას სათემო რადიოს განვითარებას მოახმარს. მოგვიანებით კი ასეთი კომენტარი გააკეთა: „იყო დემოკრატიის ლიდერი, ნიშნავს, ხვდებოდე და გრცხვენოდეს, რომ რაღაცები ჯერ არ გაგიკეთებია. ვინც მიცნობს, იცის, რომ ბევრი რამ მაფორიაქებს და მანაღვლებს, მაგრამ ახლა რაღაც უჩვეულო განცდა მაქვს, თითქოს კიდევ უფრო მრცხვენია, რომ ვიღაცებს უჭირდათ და მათ გვერდით ვერ ვიყავი, ვიღაცებს ჩაგრავდნენ და ჩემი ხმა მათ მხარდასაჭერად ვერ იყო სათანადოდ ძლიერი და ხმამაღალი. ეს ის მდგომარეობაა, როცა ყველაზე უკეთ ხვდები, რომ შეგიძლია ადამიანი იყო. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ იმის გამო უნდა ვიყო NIMD-ის მადლიერი, რომ ამას ასე ხელშესახებად ვგრძნობ“.

მაშინ, როცა თვალსაჩინოა მიზანმიმართული ძალისხმევა დემოკრატიის დამახინჯებისაკენ და როდესაც ავტორიტარული პროპაგანდა შესამჩნევად ნოყიერ ნიადაგს პოულობს საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში, NIMD მნიშვნელოვნად მიიჩნევს წაახალისოს დემოკრატები, რათა უფრო ხმამაღლა გაჟღერდეს მათი იდეები და  მათ იცოდნენ, რომ დიდი მხარდაჭერა აქვთ. ეს ჯილდო არის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის დემონსტრირება და ნიშანი იმისა, რომ მათი შრომა და მოღვაწეობა შემჩნეული და დაფასებულია და რომ ისინი მარტო არ არიან. დემოკრატიის ლიდერის ჯილდოს გადაცემით NIMD მომავალშიც წაახალისებს საქართველოს ქალებსაც და კაცებსაც, რათა მეტი გააკეთონ თავიანთი და სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

Twitter Facebook